როგორ ვიკვებო ჯანსაღად ყველა სიტუაციაში? – ფიტნეს ინსტრუქტორის 8 რჩევა

ჯანსაღად კვების რუტინის შენარჩუნება, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ ჩვენი ყოველდღიურობა ირღვევა, მაგალითად – ვართ შვებულებაში, სადღესასწაულო სუფრაზე თუ მეგობრებთან ერთად. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რა მოჰყვება მცირე გადახვევებს, მაინც რთულია, გაუძლო ცდუნებას.
ფიტ მილი გთავაზობთ კვების ინსტრუქტორის რამდენიმე რჩევას, რაც კრიტიკულ სიტუაციებში დაგეხმარებათ, დარჩეთ სიჯანსაღისა და ამავდროულად – გემრიელი საკვების მხარეს:
1. მოაშორეთ ფრინველის ხორცს კანი

მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის ხორცის კანი, ბევრი ადამიანისათვის ძალიან გემრიელია, ის სავსეა კალორიებითა და დიდი რაოდენობის ცხიმით. მოერიდეთ მის მიღებას არამხოლოდ სადღესასწაულო სუფრაზე, არამედ – ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
2. ისაუზმეთ ნოყიერად

საუზმისაგან თავის არიდება, წონის შენარჩუნებაში ნამდვილად არ დაგეხმარებათ. გაღვიძებისას ორგანიზმი მშიერია, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მას მიეწოდოს საკვები, რათა ცხიმის სახით არ შეინახოს ენერგია.
3. შეივსეთ თეფში ბოსტნეულით

ულუფის 2/3 სხვადასხვა სახის ბოსტნეულით შევსება, საშუალებას მოგცემთ, არ გადაიღოთ არაჯანსაღი პროდუქტი დიდი რაოდენობით. გარდა ამისა, ბოსტნეული ადვილად და ჯანსაღად დაგანაყრებთ.
4. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი

ჭამამდე და ჭამის შემდეგ, 30 წუთის ინტერვალით წყლის მიღება, თქვენს ორგანიზმს დეჰიდრატაციისაგან დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან წყურვილს ვერ ვგრძნობთ, ორგანიზმი ხშირად სხვადასხვა ხერხებით გვამცნობს მის დანაკლისს, ამიტომ, აქციეთ დღეში 1,5 ლიტრი წყლის სმა ჩვევად.
5. შეამცირეთ ხილი და ტკბილეული

შეეცადეთ, ხილი მხოლოდ ერთეულის სახით მიიღოთ (ერთი ვაშლი, ერთი ბანანი…). ხილში, ისევე როგორც ნამცხვარსა თუ შოკოლადის ფილაში, დიდი რაოდენობით შაქარია, ასე რომ, ნუ მოიტყუებთ თავს, რომ ხილის უზომოდ დიდი რაოდენობით ჭამა სასარგებლოა თქვენი სხეულისათვის.
6. კვების დასრულებისთანავე დატოვეთ სუფრა

თუ გსურთ, გაუძლოთ ცდუნებას და არ მიიღოთ ზედმეტი კალორიები, კვების დასრულებისთანავე დატოვეთ სუფრა, გადაინაცვლეთ სხვა ოთახში და თავი შეიქციეთ სხვადასხვა აქტივობებით.
7. დახარჯეთ ენერგია

გაისეირნეთ ფეხით, გააკეთეთ დილის კარდიო ვარჯიშები ან დაკავდით რაიმე გასართობით მანამ, სანამ მიიღებთ საკვებს. თუ სირბილი ან ფეხით სიარული არ გიზიდავთ, მაშინ სპორტი საუკეთესო გამოსავალია – ფეხბურთი, კალათბურთი, ფრისბი და ცეკვაც კი, თქვენს სხეულს გამოაფხიზლებს და შეამზადებს რუტინული დღისათვის.
8. გაერთეთ

დღის დასასრულს, აუცილებლად გააკეთეთ ის, რაც გიყვართ, მოერიდეთ სტრესს და თუნდაც საყვარელი საკვების მიღებისას, დაიცავით ზომიერება. გახსოვდეთ – განტვირთვას თქვენი სხეულიც ისევე იმსახურებს, როგორც გონება!